Wednesday, August 29, 2012

ინფორვენცია



სგგი-ის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემა საქართველოში


ანა ჭეიშვილის გუნდი



დაავადებების პრევენცია ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. ის  განსაკუთრებით მძაფრად დგას საქართველოში, სადაც რიგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო ხალხი არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამას ემატება მათი არაინფორმირებულობა და ამით გამოწვეული ირაციონალური ფობიები სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე პრობლემის იგნორირება (ანუ არაცნობიერად იმის ფიქრი რომ თუ ექიმთან არ წახვალ პრობლემა არ გამოვლინდება). მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოში დაავადებების გარვეული ნაწილის (მაგალითად, მკერდის/საშვილოსნოს ყელის კიბო) გამოკვლევა უფასოა, ამას საგრძნობი შედეგები მაინც არ მოაქვს, ეს კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქმე მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებში არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ესეში საქართველოში არსებულ, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე გავაკეთოთ აქცენტი. მივიჩნევთ, რომ დაავადება, რომელიც კონტროლირებადია და რომლის მიერ გამოწვეული ფატალური შედეგების თავიდან აციელება ადვილად შეიძლება, სხვებზე უფრო მეტად იმსახურებს ახალგაზრდა თაობის ყურადღებს. ასეთი დაავადებებია მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც გარდა ანტისანიტარიისა სამედიცინო დაწესებულებებში სწორედ ახალგაზრდებში სექსუალური განათლების დეფიციტით და საკუთარი თავის და ახლობლების მიმართ დაუდევრობით არის გამოწვეული. გარდა ამისა,
რამდენადაც ჩვენთან საკმაოდ მყარია გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს უყენებენ ქალებსა და მამაკაცებს (ქალის მხრიდან სექსუალობის ნებისმიერი გამოვლინება აღიქმება სამარცხვინოდ, ხოლო კაცის სექსუალური აქტივობა წახალისებულიც კი არისგავრცელებულია სექსუალური კავშირი კომერციულ სექს მუშაკებთან, ხოლო ისეთი სოცილური პრობლემა, როგორიც არალეგალური პროსტიტუციაა, ამგვარ კავშირებს სრულიად არაკონტროლირებადს, ქაოტურს და შესაბამისად ორივე მხარისთვის  დაუცველს  ხდის. საყურადღებოა ისიც, რომ ქორწინების, ერთი შეხედვით უსაფრთხო კავშირის, შემთხვევაშიც კი კაცების მიერ  კომერციული სექს მუშაკების სერვისით სარგებლობა საკმაოდ მიღებული და გავრცელებულია. ამას მოჰყვება ის, რომ ინფიცირებული ქმრები, ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ცოლების ჯანმრთელობას და მათაც აავადებენ.


რაც შეეხება მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემას, ის 25 წელს გადაცილებულ ქალთა ჯგუფში საკმაოდ მძაფრად დგას. რამდენადაც ეს ორი დაავადება გამოირჩევა საწყის სტადიებზე საგრძნობი სიმპტომების არარსებობით და მისი აღმოჩენის ეტაპისთვის უკვე ფაქტიურად განუკურნებელია ხოლმე. ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ ბევრი ქალი მძიმედ ავადდება  ან სულაც იღუპება  დაავადებებით, რომლებიც საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში სრულიად  განკურნებადი და უსაფრთხო იყოჩვენი აზრით, ქართველი ქალებისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე საგანგაშო სტატისტიკა მეტყველებსგანვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს დიაგნოზირების შემდეგ 5 წლის განმავლობაში სიცოცხლეს ინარჩუნებს დაავადებული ქალების 80%. იგივე მაჩვენებელი ჩვენთან 50%-ის ტოლია. ეს კი  იმით არის გამოწვეული, რომ კიბოს დიაგნოსტიკის შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ ბოლო სტადიებზე მოდის. მკერდის კიბო 95%-ში სრულიად აღმოფხვრადია, ქალთა სიკვდილიანობა ამ დაავადებისაგან ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ისინი დროულად არ მიდიან სკრინინგზე, ან არ აკითხავენ მამოლოგს. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, ის 99% შემთხვევებში პირდაპირ კავშირშია პაპილომა ვირუსთან, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და რომლის პრევენციაც ისევ და ისევ სექსუალურ განათლებასთან არის დაკავაშირებული. პაპილომა ვირუსისგან თავდაცვა ასევე შესაძლებელია დროული (დაახლოებით 26 წლამდე ქალებისთვის და გოგონებისთვის) ვაქცინაციით. გარდა ამისა, აუცილებელია  PAP ტესტის ჩატარება, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს პათოლოგიების აღმოჩენა და 100-დან 75 შემთხვევაში კიბოს თავიდან აცილება.

თუ გვინდა საქართველოში მომავალი თაობა უფრო სერიოუზლად მიუდგეს საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობას უნდა ვეცადოთ მოზარდებს და ახალგაზრდებს მარტივად, გასაგებად და მორალისტობის  გარეშე მივაწოდოთ ინფორმაცია. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ სკოლებში სექსუალური განათლების პრაქტიკის დანერგვას. გარდა სკოლისა, აუცილებელია ქართველ ახალგაზრდებში ცნობიერების ასამაღლებლად იმუშაონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ახალგაზრდებმა უნდა შეიგნონ, რომ თავდაცვის საშუალებები ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე დაავადების შემთხვევაში მკურნალობაზე დახარჯული თანხები. სექსუალური განათლების მიღება სგგი-ის  პრევენციის გარდა, უბიძგებს ადამიანებს  შეცვალონ დამოკიდებულება ინფიცირებულების მიმართ  და  იმ  შემთხვევაშიც კი,  თუ ისინი თავად აღმოჩნდებიან ინფიცირებულები, არ მიიღონ ეს როგორც სასიკვდილო განაჩენი და იყვნენ სოლიდარულები სხვა სგგი- დაავადებულთა მიმართ. საკითხის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია  იმ მითებისა და სტერეოტიპების დასამსხვრევად, რომლებიც ასეა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად, ყველა აივ დადებითი ადამიანი ჰომოსექსუალია, სგგი მხოლოდ კომერციულ სექს მუშაკებს ემართებათ და ..). ჩვენი აზრით, სგგი- შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ახალგაზრდებთან არ მოვახდინოთ აპელირება მონოგამიურ ცხოვრების წესზე. ადამიანებისთვის რთულია ცხოვრების წესის შეცვლა, ამიტომ, როდესაც ექიმები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციებისა და რეკლამების საშუალებით მათერთი და ერთგული პარტნიორისყოლას ურჩევენ, ისინი მიიჩნევენ, რომ სგგისგან თავის დაცვა არარეალურია. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მოზარდებს კონდომის ხმარებისკენ მოვუწოდოთ.

რაც შეეხება მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას ქალებმა აუცილებლად უნდა შეიგნონ, რომ მკერდის და საშვილოსნოს კიბო არ არის სასიკვდილო დაავადებები და მათი ასე ძალიან არ უნდა ეშინოდეთ. რატომღაც საქართველოში ადამიანების უმეტესობას მკერდის კიბო სასიკვდილო დაავადება ჰგონია, თუმცა ეს შიში მათ ამ საკითხის მიმართ  მეტი ყურადღების მაგივრად პრობლემის სრული იგნორირებისკენ უბიძგებს. როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ეს შიში ხდება იმის მიზეზი, რომ მკერდის კიბო სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის. (ინფორმაციის წყარო: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლი) ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ამ ქალების უმეტესობა ახლა სრულიად ჯანმრთელი იქნებოდა წელიწადში რამდენიმე საათი და გარკვეულ ასაკამდე არც თუ ისე დიდი თანხა სკრინინგზე რომ დაეხარჯა. რა თქმა უნდა, მარტო სკრინინგი და ვიზიტი მამოლოგთნ საქმეს ვერ უშველის თუ ქალები არ ეცდებიან მკერდის კიბოს პრევენციას. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ულტრაიისფერი სხივები და რუჯი კიბოს გამომწვევი მიზეზებია ქალები და გოგონები მაინც ვერ ამბობენ უარს ამ სიამოვნებაზე. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად კიბო ემართებათ ქალებს, რომლებიც სრულიად ჯანმრთელი ცხოვრების წესს ეწეოდნენ. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მკერდის კიბოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პრიორიტეტული სწორედ სკრინინგის უფასო პროგრამები და ამ საკითხში ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს და არა ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ მოწოდება. დამეთანხმებით, რომ უფრო ადვილია ადამიანებს წელიწადში ერთხელ ექიმთან წასვლა ვაიძულოთ, ვიდრე მოვთხოვოთ მთელი ცხოვრება უარი თქვან სიგარეტზე, ალკოჰოლზე, რუჯზე და .. ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სკრინინგი არა 40 არამედ 25 წლიდან. ფულის გადახდა სკრინინგში ბევრი 40 წლამდე ქალისთვის შეუძლებელიც კია ეკონომიკური პრობლემების გამო და თუ ქალი მთელი ცხოვრება ამ პროცედურის გარეშე ცხოვრობდა, რთულია მას 40 წლის მერე სკრინინგზე სიარული მოვთხოვოთ. რაც შეეხება იმ იშვიათ შემთხვევებს როცა კიბოთი 25 წლამდე გოგონები ავადდებიან: აუცილებელია სკოლებში სექსუალურ განათლებასთან ერთად მოზარდ გოგონებს ასწავლონ თვითგასინჯვა. ეს პროცედურა ძალიან მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია სრულიად უფასოა. ამიტომაც ყველა ქალისთვის იგი უნდა გახდეს იმდენად აუცილებელი, როგორც მაგალითად პირადი ჰიგიენის დაცვა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახალისო და საინტერესო სოციალურ აქტივობებში მოზარდების და ახალგაზრდების ჩართულობა გაცილებით ზრდის მათ შეგნებას და მგრძნობელობას ამგვარ პრობლემებთან მიმართებაში, ამიტომ ისინი სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.