Wednesday, August 29, 2012

ძალადობის ენა


ძალადობის ენა


სალომე გეგეშიძის გუნდი

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლის სექტემბერში, გორში ასობით კარვით გულშეწუხებულმა ცნობილმა მომღერალმა და ფოტოგრაფმა ბრაიან ადამსმა ვერ გაიგო რა უთხრა პატარა ბიჭუნამ, რომელმაც ზუსტად ხუთი წუთით ადრე სანამ მომღერალს შეხვდებოდა სილა იგემა სახეში საკუთარი დედისგან და აცრემლებულმა დატოვა კარავი. მე კი ამ დროს დამემართა ცხოვრებაში პირველი სტენოკარდიული შეტევა. საკუთარი სახლიდან ევნილი პატარას სიტყვებმა ისარივით გამიარა გულის ოთხივე პარკუჭში და რამდენიმე წამით სუნთქვა შემიჩერა. დამღლელი დღე უძილო ღამემ და ამ პატარაზე ფიქრმა ჩაანაცვლა.   


xxx
იღიმებოდა, ასეთი იყო მაშინ, წინა ცხოვრებაში. ჭურვისგან აფეთქებულ სახლში ვიპოვე, კუთხეში იყო მიყუჟული და შეშინებული თვალებით უყურებდა ჩემი მარჯვენა ხელის მტევნიდან გამონაჟონ სისხლს. ისვრიან - მითხრა და გაიღიმა. გატკინეს? მკითხა შეწუხებული სახით. იცი დღეს მეც მეტკინა, დედამ დამარტყა, ვთამაშობდი და დამარტყა. ალბათ მამაზე ფიქრობს, ისიც შენნაირია, არა, ალბათ შენზე უფრო მაგარი - თქვა და ოთახიდან გავიდა, გამექცა და იქვე მიწაზე ჩამოჯდა, წითელი იყო... ხელები თავზე დაიფარა, თითქოს არ უნდოდა მისი სახე რომ დამენახა... ტყვიები აღარ დაქროდნენ.... ბედნიერება იწყებოდა... ბედნიერება რომელიც ისევე მალე დასრულდებოდა როგორც დაიწყო... კოორდინატიიიიიი! კოორდინატი მოგვეცი! - გაისმა ხმა. შემომხედა და გაიცინა. მიხვდა რომ დავიბენი. "არ იცი? ჩვენი კოორდინატია 41/41... ეს ჩვენი ემოციების კოორდინატია" მითხრა და ტბისკენ გაიხედა... ყველაფერი ისევე მალე დასრულდა როგორც დაიწყო... დავკარგე...

xxx
მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა, ძილბურანში სიგარეტს მოვუკიდე და კედელზე ჩამოხეულ შპალერს მივაშტერდი. კოორდინატი! კოორდინატი მოგვეცი! ისმოდა ხმა ჩართული ტელევიზორიდან, რომელშიც ვიეტნამის ომის თემაზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა.

გორში გატარებული ბოლო დღე სულაც არ ჰგავდა დანარჩენს. მიუხედავად იმისა რომ ამ კონკრეტულ დღემდე ბევრი ისეთი რამ ვნახე, რამაც ჩემში უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მომხდარმა ფაქტმა სრულიად გამანადგურა მორალურად. ბიჭუნა რუსული ჭურვების შემდეგ აგრესიის მსხვერპლი მეორედ გახდა, გახდა მსხვერპლი საკუთარი დედისა, რომელიც ქმრის დაღუპვის ამბავს გლოვობდა და ავერ აიტანა ის, რომ პატარა, რომელმაც მომხდარი რეალურად ვერ აღიქვა, კარავში სათამაშოებით ერთობოდა. თუმცა მერე იყო რაღაც, კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი. ნიშანი იმისა რომ არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომა, ფიქრი იმაზე, რომ ბავშვი უდანაშაულოა მაშინაც კი, როცა ჩვენ ვერ ვთოკავთ საკუთარ ემოციებს. თუნდაც ერთი სიტყვა, თუნდაც ერთხელ მათი გულის ტკენა ხმამაღალი სიტყვის თქმა უაზრობაა, შეცდომაა და მეტი არაფერი.

xxx
 უდავოდ ნიჭიერი მომღერალი (ბევრმა არ იცის მაგრამ უფრო ნიჭიერი ფოტოგრაფია) ბატონი ადამსი, ამ ყველაფერს კი ნათელ ფონად მისი ქველმოქმედებაც გასდევს. ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე წუთში მან დაცვას რაღაც უბრძანა და ხუთიოდე წუთში სახეალეწილმა დატოვა კარვების ქალაქი. თვალებით ჩემი მეგობარი მოვძებნე, მერე იქვე, ხის სკამზე ჩამოვჯექი და კარავს მივაშტერდი.

კიდევ რამდენი ბავშვია ძალადობის და მშობელთა მხრიდან აგრესიის მსხვერპლი? კიდევ რამდენ ბავშვს ატკინეს გული ახლა, ამ წუთას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში? კიდევ რამდენი პატარა აფრქვევს ახლა თავის უმანკო ცრემლებს იმიტომ, რომ მშობელმა საკუთარი გრძნობები ვერ მოთოკა და აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა შვილს სასჯელად რისხვა დაატეხა?” – სიმართლე გითხრათ, ამაზე მანამადე არასდროს მიფიქრია. შემდეგ იყო დაპირება, რომელსაც მე აუცილებლად, ნებისმიერ ფასად შევასრულებ. მაშინ დავპირდი საკუთარ შვილს, რომელიც არასდროს მყოლია, რომ მე არ ვატკენდი მას გულს, არასდროს, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო მასზე! იმ წუთას მიუხედავად სიბრალულისა, მიუხედავად იმისა რომ ქალი საკუთარ ქმარს გლოვობდა მე მას ვერ ვიტანდი!

 პატარა იქვე, ონკანთან თამაშობდა, მასზე ოდნავ მოზრდილ გოგონასთან ერთად მოშვებული ონკანიდან წყალს ეზოში აფქვევდა. ამის დანახვაზე ქვე, საველე სამზარეულოსთან მჯდომი ქალბატონების ჯგუფს ერთ-ერთი გამოეყო, ონკანან მივიდა, გოგონას ხელი აავლო და რამდენჯერმე წამოარტყა. “რას აკეთებ? ხომ გითხარი ნუღარ წუწაობ თქო?!” ეს უკვე მეორე ბავშვი იყო, რომელიც უკანასკნელი ათი წუთის მანძილზე ჩემს თვალწინ სცემეს! ნერვებმოშლილმა ქალს თვალი გავაყოლე და ვიფიქრე რომ რამეს მივაძახებდი თუმცა მოხდა ის, რამაც გაჩუმება მაიძულა, მოხდა ის, რამაც გული საბოლოოდ მომილბო და კიდევ ერთხელ ამიცრემლა თვალები. არვიდან ბიჭუნას დედა გამოვიდა, დაქვრივებულს ტირილისგან თვალები ჩაშავებოდა. “რას ერჩი ქალო ბავშვსა?! რა დაგიშავა?! მეორეჯერ აღარ დაგინახო ხელსა რომ ურტყამდე!” მიაძახა გოგონას დედას, მერე ონკანთან მდგარი საკუთარი შვილი გულში ჩაიკრა და ცრემლმორეულმა თვალები დაუკოცნა. ეფერებოდა საკუთარ შვილს, თითქოს ბოდიშს უხდიდა იმის გამო, რომ მას ტკივილი მიაყენა...

ხანდახან ჩვენ, უფროსები მაშინ როცა რაღაც ცუდი ხდება, უბრალოდ ვბრაზდებით, ან საკუთარ თავს ვერ ვერევით, ჯავრს პატარებზე ვიყრით. ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ჩვენი აგრესიით ჩვენივე მომავალს ვტკენთ გულს. აგრესიით, რომელიც ვერასდროს ვერ მოაგვარებს ჩვენს სულიერ თუ მატერიალურ პრობლემებს.

.. “ლოყაზე მტკივა, დედიკომ გამარტყა. ჩემი მამიკო ეჩხუბება ნუ უყვირიო, მე კარგი მამიკო მყავს, ჯარისკაცია და სულ მეფერება. დედიკომ მითხრა შორსაა წასული და ჯერ ვერ მოვაო” – ერთი სიტყვაც ვერ გაიგო ბრაია ადამსმა, ცუდია რომ ქართული არ იცის, იმედია არასდროს უყვირებს პატარა მირაბელას, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ ზუსტად 3 წელიწადში მოევლინა სამყაროს. ის ჯერ ერთი წლისაა და დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარს საკუთარ მამიკოს.