Wednesday, August 29, 2012

საფერფლიდან დაფერფვლამდე


დაფერფლე ცდუნება


ნინო ხალვაშის გუნდი

რა არის ცხოვრება? ვინ არიან ცხოვრების თანამგზავრნი? ან ვის რა როლი აკისრია ცხოვრებაში? ყველა ეს კითხვა ნებით თუ უნებლიეთ იბადება ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ერთი მართებული პასუხი ამშვენებს: ,,ცხოვრება დიდი დრამაა, სადაც მთავარ მოქმედ გმირად თუ ანტიგმირად ადამიანი ქცეულა, რომელსაც უფალმა ანგარიშიანობა, ზომიერება, შრომისმოყვარეობა და სიყვარული უანდერძა" და თუ როგორ ასრულებს ადამიანი ყოველივე ამას საკითხავია. მეტიც, ხშირად მავანი საკუთარ თავს უსვამს კითხვას - ვინ ვარ? ან რისთვის ვცხოვრობ? და თვითონვე პასუხობს: უბრალოდ ვცხოვრობ, სხვა არაფერი!

ცხოვრების მგზავრთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ამ სერიოზულ კითხვებს გვერდს არ უვლიან და ვიდრე ცხოვრების დანჯღრეული ნავი საფრთხეში აღმოჩნდებოდეს, მანამდე ამჯობინებენ ჩამოსვლას, მეტიც ცდილობენ სხვასაც შეაშველონ ხელი!


სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიეთ წუთისოფლის ორომტრიალში ბევრს ვერ გაურკვევია თუ საით მიაქანებს ცხოვრების ,,ნავი". ხშირად ის აურჩევიათ პრიორიტეტად, რაც საფრთხეს უქმნის როგორც პიროვნულ, ასევე ფიზიკურ სიჯანსაღეს. ირგვლივ მიმოიხედავ და შეამჩნევ, თუ როგორ იძირებიან უნებისყოფობის მორევში ადამიანები და მით უმეტეს ახალგაზრდები. სიძვა, გამაბრუებელი ნივთიერებები, სიგარეტი და რა ჩამოთვლის იმ საფრთხეებს, რომლებიც ადამიანის წინაშე დაბრკოლებებად აღმართულან.

ფრანგ მწერალს რომენ როლანს უთქვამს: ,,არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს".

თუმცა დღეს პირიქითაა ურჩი სხეული უფრო მიმზიდველად ქცეულა. რა არის სიგარეტი? არც არაფერი! მხოლოდ გართობა, დროის მოკვლა, დროებითი სიამოვნება - აი, რა მცდარი შეხედულებაა ერთი შეხედვით არც ისე საშიშ, მშვენიერ კოლოფში ჩალაგებული ,,სიკვდილის" მიმართ. დღეს სამწუხაროდ ამ სიკვდილს მოდას ეძახიან, ჯერ მოდით იწყება, მოდა მოგეხსენებათ მიმბაძველიც, შემდეგ სისხლძარღვში ჯდება, ტვინის უჯრედებს იპყრობს, სხეულზე იმარჯვებს და ერთ დროს ,,მოყვარული" სერიოზულ მწეველად გადაიქცევა. ,,მწეველი" - თითქოს არაფრის მთქმელია ეს სიტყვა, ჩვეულებრივ ეწევიან, არავის არაფერს უშავებენ და ცოცხლობენ. სიცოცხლეცაა და სიცოცხლეც! მაშინ, როცა ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად იკლავენ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფთაც აყენებენ ზიანს, ხშირად თავს იწონებენ, ჯენტლმენნი აქაოდა საუკეტესო ,,ბრენდს" ვეწევითო, თუმცა სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ აჩოქებს ფერხთით ეს ერთი ციდა სიგარეტის ღერი.

მოთმინება, ნებისყოფა, საკუთარ თავთან გამარჯვება, აი რა შექმნილა დეფიციტად. სიცოცხლის სიყვარული თითქოსდა მძლავრად ცხოვრობს ადამიანში, თუმცა ხშირად ვერ გაურკვევიათ როგორ შეინარჩუნონ სიცოცხლე ცოცხლად! ამერიკელი მწერალი ბენჯამენ ფრანკლინი სიცოცხლის მოყვარულთ შესანიშნავ რეცეპტს სთავაზობს: ,,სიცოცხლე გიყვარს? მაშინ დროს ნუ კარგავ! რადგან დრო ის ქსოვილია, რომლისგანაც სიცოცხლე იქსოვება". მართლაც დრო ერთ მარადიულ უზომო ჟამში გაჩერებულა და წიკწიკებს ვითარცა ჟამთააღმწერელი და აღმნუსხველი და თუ როგორ აღნუსხავს თითოეულ ადამიანს ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ხშირად ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ჩარხავენ და თუკი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა ძნელია უკან მობრუნება. ხშირად ეს ჩარხი სამწუხაროდ სიგარეტია, რომელიც სხეულის ბატონ-პატრონად და მბრძანებლად გადაქცეულა და რას ფიქრობს ამ ყველაფერზე საზოგადოება? მაყურებლის როლშია თუ სხვადასხვა გზა დაუსახავს ამის აღმოსაფხვრელად? ალბათ ერთიც და მეორეც. უყურო გარეშე თვალით სხვის პრობლემას ადვილია, მაგრამ ძალიან რთულია, სხვისი ტკივილი საკუთრად აქციო.

ვფიქრობ დღეს არსებობს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულგრილი არაა ბრმა ,,მსხვერპლების" მიმართ და უამრავ პრობლემასთან ერთად ეჭიდება ისეთ პრობლემას რასაც ახალგაზრდებში მწეველთა პრევენციის პრობლემა ჰქვია. მოზარდი, რომელიც პოტენციურ დედად ან მამად მოისაზრება, საზოგადოების პრიორიტეტად უნდა იქცეს და საამისოდ მეტი პროგრამა და აქცია უნდა შეიმუშაოს. თუნდაც სატელივიზიო გადაცემები, სარეაბილიტაციო ცენტრები.

  სამწუხაროდ დღეს ბევრს ჰგონია, სარეაბილიტაციო ცენტრი, მხოლოდ ნარკომანს სჭირდება. ვფიქრობ პირიქითაა, სწორედ სიგარეტია სათავე ყველა იმ დაავადებისა, რომლებსაც ფატალურ შედეგამდე მივყავართ.

  საბედნიეროდ საზოგადოება ის ცოცხალი უჯრედია, რომელიც გამუდმებით ფხიზლობს და სადაც საჭიროა იქ ჩნდება. თუმცა მხოლოდ საზოგადოება ვერაფერს გახდება თუკი ყველამ არ მოინდომა ,,ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს" ამბობდა ცნობილი ფილოსოფოსი უოლდო ემერსონი და მართლაც, ადამიანს თანდაყოლილი უნარი მოსდევს, რომ განვლილი თუ გასავლელ ცხოვრებას თვალი გადაავლოს, შედეგები შეაჯამოს და შინაგანი მზერა საუკეთესო, ნათელ მომავალს მიაპყროს. ის იშვიათი უნარი რომ არა, არასოდეს გვეცოდინებოდა რა არის დანაშაული? რა არის შიში მართლმსაჯულებისა და ღვთის წინაშე, ან თუნდაც სიკვდილისა და მარადისობის წინაშე ძრწოლა არ გვექნებოდა.

ადამიანი, რომელიც არ იცნობს ამ გრძნობებს, ფუტუროა შესაბრალისია... მისი გონება, ხედვა რთული ლაბორატორიის მხოლოდ ის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქცევისა და აზრების სურათებს აღიქვამს.

განსაცვიფრებელია, რომ ჩვენი წარსულის არქივიდან ნებისმიერი ფურცელი შეგვიძლია გადავშალოთ და შიგნით იშვიათად შეგვხვდება მოსაწონი გვერდი, თუმცა გვაქვს შესანიშნავი შანსი: გამოვასწოროთ წავშალოთ ძველი და ჩავწეროთ ახალი, წავშალოთ მავნე დაავადებები გზა დავუთმოთ ჯანსაღ ცხოვრებას, რადგან: ,,ტანისამოსს უნდა გაუფრთხილდეთ მისი სიახლიდან, პატიოსნებას ახალგაზრდობიდან, ხოლო ჯანმრთელობას დაბადებიდან"!

ჰოდა ჩვენც, ყველამ ერთად გავუფრთხილდეთ იმ ყველაზე სანუკვარს, რასაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჰქვია, რაც განგებამ შეურყვნელი და შეულახავი გვიბოძა. ყველამ ერთად შევიგნოთ საკუთარი ნაკლი ძირშივე გამოვასწოროთ, რათა საკუთარი ნაკლის შეგნებით და დამარცხებით ადამიანი ძლიერდება. ყველამ ერთი-მეორეს გავუწიოთ მეთვალყურეობა, ერთი-მეორეს შევახსენოთ თუ რაოდენ ძვირფასია ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხანმოკლე წუთისოფელში და ნუ მივცემთ ერთი ციდა სიგარეტის ღერს ჩვენი და ჩვენი მოყვარის ჯანმრთელობის განადგურების საშუალებას. ცხოვრება ვაქციოთ მშვენიერ ასპარეზად, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს არ დავათრგუნვინებთ მავნე საშუალებებს: რადგან ფიზიკური წვრთნა და ვარჯიში ბევრ კარგ წამალს შეცვლის, მაგრამ ვერც ერთი წამალი ვერ შეცვლის მათ.

ნუ გადავიკრავთ ლიბრს თვალებზე, ნიკოტინს ფილტვებზე და უძლურებას გონებაზე, დავტკბეთ ცხოვრების მშვენიერებით ხილული თვალით, შევიგრძნოთ და შევისუნთქოთ ცხოვრების სურნელება ჯანმრთელი ფილტვებით და შევეჭიდოთ ცხოვრებას საღი გონების თვალით, დავრაზოთ სიკვდილის ყველა კარი, თუკი ცხოვრება მაინც დრამაა, ღირსეულ გმირებად წარვსდგეთ, რათა აკი ესაა ვალი ადამიანისა - ემსგავსოს უფალს და ატაროს ხატება მისი.

......და მაინც, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი სიგარეტის მავნებლობის დარწმუნებაში, არის მისივე კოლოფზე ამოტვიფრული ასოები: ,,მოწევა კლავს". არსად, არცერთ წარმოებაში არ აღიარებენ თავის არასარგებლიანობას, გარდა სიგარეტის მწარმოებლისა და ისღა დაგვრჩენია კარგად ამოვიკითხოთ, ეს წარწერა, მწარმოებელს მადლობა გადავუხადოდ გულწრფელობისათვის და ურნაში მოვისროლოთ არა ფერფლი, არამედ ,,უვნებელი" კოლოფი.